Loading data...
ჰააგის სასამართლომ „თალიბანის“ ორი ლიდერის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ავღანეთის მმართველობაში მყოფი მოძრაობის, „თალიბანის“ ორი ლიდერის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ უმაღლესი ლიდერი, ჰაიბატულა ახუნძადა და მთავარი მოსამართლე აბდულ ჰაკიმ ჰაკანი ქალებისთვის და გოგოებისთვის სულ უფრო სერიოზულ აკრძალვებს აწესებენ, რაც ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულს უთანაბრდება.

მას შემდეგ, რაც თალიბანი“ 2021 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მან 12 წელზე უფროს გოგოებს სწავლა აუკრძალა, ხოლო უფროს ქალებს სხვადასხვა სფეროში საქმიანობა ეკრძალებათ. ავღანეთში ქალებს სახლიდან გასვლა კაცის თანხლების გარეშე აკრძალული აქვთ და მათ საზოგადოებრივ ადგილებში ხმამაღლა საუბრის უფლება არ აქვთ.

საერთაშორისო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას „თალიბანის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არამეგობრული აქტია და „მთელ მსოფლიოში მუსულმანების რელიგიის შეურაცხყოფას ნიშნავს“.