გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ, ვიქნებით ყურმოჭრილი მონები
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით“.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს გახდება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუს კურსი.
„ევრობიუროკრატებმა დაინახეს, რომ საქართველოში საზოგადოების ძალა არის რწმენაში - ეკლესიაში. ეს, განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ გლოვის დღეებში. კარგ გადაწყვეტილებებს გონიერი ადამიანები იღებენ, თუმცა გონიერ ადამიანებად ვერ მოვიხსენიებთ მათ, ვინც უნგრეთში და უკრაინაში ჩატარებულ გეი აღლუმებს დემოკრატიის და სინათლის გამარჯვება უწოდეს. რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა უკრაინის ეკლესიის მწყემსმთავარი და ყველამ ვნახეთ კადრები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიაცილებს მას ბოლო გზაზე 200-300 ადამიანი და ეს მაშინ, როცა გეი აღლუმში 5000 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უნგრეთში ჩატარებული გეი აღლუმით გაიმარჯვა დემოკრატიამ და სინათლემ. სად არის აქ ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული ევროპული ღირებულება? საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.