გროსი: ნათანზიში ბირთვული ქარხნის ცენტრიფუგები დაზიანებულია

ირანის ქალაქ ნათანზიში მდებარე ბირთვულ ქარხანაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ურანის გამდიდრების ცენტრიფუგები სერიოზულად არის დაზიანებული ან მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გროსის თქმით, ნათანზიში ცენტრიფუგები, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო დაზიანდა. ამ საწარმოს მიწისზედა ნაწილი მთლიანად განადგურდა. ამასთანავე, მიწისქვეშა დარბაზი, სადაც ურანის გამდიდრების ცენტრიფუგები მდებარეობს, პირდაპირ არ დაზიანებულა.
ასევე გროსი ამბობს, რომ ფორდოში მდებარე მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად, სავარაუდოდ, არ დაზიანებულა. ამ ობიექტის გასანადგურებლად სპეციალური მიწისქვეშა ბომბებია აუცილებელი.
14 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათანზიში მდებარე ბირთვულ ობიექტზე ისრაელის იერიშების შემდეგ რადიაქტიური და ქიმიური დაბინძურება დაფიქსირდა. ამასთანავე, ქარხნის გარეთ რადიაციის გაჟონვა არ დაფიქსირებულა.