გრიგორი კარასინი: საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო

ერ-რიადში აშშ-ის დელეგაციასთან რთული, მაგრამ საკმაოდ კონსტრუქციული და საინტერესო საუბარი შედგა, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.
კარასინის თქმით, მოლაპარაკებები ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო.
„ყველაფერი იქნა განხილული, ეს ვრცელი დიალოგი იყო, მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ბევრი საკითხი იქნა განხილული.
რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გადაწყვეტილა, ყველაფრის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საუბარი შედგა, ვფიქრობ, დროულია, ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პოლიტიკოსების გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ“, - აღნიშნა კარასინმა.
კარასინის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მათ შორის გაეროსა და სხვა ქვეყნების მონაწილეობით.
„ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას, პირველ რიგში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სხვა ქვეყნებს. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა ისეთი კონსტრუქციული დიალოგისა, რომელიც საჭირო და აუცილებელია. ამერიკელებიც დაინტერესებული არიან ამით“, - განაცხადა კარასინმა.