გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის შეთანხმებაზე: სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ მასში არქტიკული კუნძულის სუვერენიტეტი უნდა იყოს გათვალისწინებული.
გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 23 იანვარს გამოცხადებული შეთანხმების დეტალების შესახებ. თუმცა, მან დასძინა, რომ მასზე იმუშავებს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლები შედიან.
მან დასძინა, რომ გრენლანდიას სამომავლო შეთანხმებებთან დაკავშირებით „წითელი ხაზები“ აქვს. ეს შეთანხმებები კუნძულის სუვერენიტეტსა და მინერალურ რესურსებს ეხება.
ამავდროულად, ნილსენის თქმით, გრენლანდია ეთანხმება კუნძულზე ნატოს სამხედრო ყოფნის გაზრდას.
„გუშინდელი დისკუსიები საერთო მიზანზე იყო ორიენტირებული. რაზეც შევთანხმდით: ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკის უსაფრთხოებისთვის. რამდენიმე დღის წინ გრენლანდიისა და დანიის წარმომადგენლებმა რუტესთან მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გავაცანით“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
ნილსენმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის რიტორიკა მიუღებელი იყო.
„რიტორიკა მიუღებელი იყო. ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ერთმანეთს მომავალში“, - დასძინა მან.
თუმცა, მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ კვლავ დაამყარონ კარგი ურთიერთობები.
„მაგრამ, რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ყოველ ღამე მუქარას ისმენ. წარმოიდგინეთ, როგორია გრენლანდიელებისთვის - ყოველდღე ისმენდნენ, რომ ვიღაცას შენი თავისუფლების წართმევა სურს“, - დასძინა ნილსენმა.