გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ტრამპი კვლავ დაინტერესებულია კუნძულზე კონტროლის დამყარებით
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუნძულის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხა, ვაშინგტონი ფუნდამენტურად მაინც ცდილობს არქტიკულ კუნძულზე კონტროლის დამყარებას.
„გრენლანდიასა და მის მოსახლეობაზე შეხედულება არ შეცვლილა: გრენლანდია აშშ-სთან უნდა იყოს დაკავშირებული და იქიდან უნდა იმართებოდეს“, - განაცხადა ნილსენმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ნილსენის თქმით, აშშ აგრძელებს „გრენლანდიის ფლობისა და მასზე კონტროლის დამყარების გზების“ ძიებას.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა წლის დასაწყისში გრენლანდიაზე აშშ-ის კონტროლის შესახებ მოწოდებები გააძლიერა, რის მიზეზადაც რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა. 21 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ კუნძულის დასაკავებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს. ამავე ფორუმის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ ალიანსთან შეთანხმებით მან გრენლანდიაზე აშშ-ის სრული წვდომა უზრუნველყო, თუმცა დეტალები გაურკვეველი რჩება.