Loading data...
გრენლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა კუნძული არ იყიდება

გრენლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ კუნძულის მომავალთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული არასდროს გაიყიდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი, რომელიც ტრამპმა გასულ წელს გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად დანიშნა, 17 მაისს ნუუკში ​​ჩავიდა და მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენს და საგარეო საქმეთა მინისტრ მუტე ეგედეს შეხვდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესი არის და გრენლანდიის მხრიდან ჩვენ ორიენტირებულები ვართ ისეთი გადაწყვეტის პოვნაზე, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება და რაც მთავარია, არ წარმოიშვას გრენლანდიისა და გრენლანდიელი ხალხის ანექსიის, მიტაცების, ან შესყიდვის საფრთხე“, - განუცხადა ნილსენმა ჟურნალისტებს ლენდრისთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრასთან დაკავშირებით ლენდრის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გრენლანდიაში ჩასვლის შემდეგ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ იქ „მოსასმენად და სასწავლად“ იმყოფებოდა.

„მათ შეხვედრა მოითხოვეს და ჩვენ ავუხსენით ჩვენი სიტუაცია და პოზიცია, ასევე ის, რომ გვაქვს რამდენიმე წითელი ხაზი - ჩვენ არ გავყიდით გრენლანდიას, გრენლანდია სამუდამოდ ჩვენი საკუთრება იქნება“, - აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუტე ეგედემ.

ტრამპის განცხადებამ, რომ აშშ-მა უნდა შეიძინოს, ან გააკონტროლოს გრენლანდია, დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის, ასევე, ზოგადად მთელ ევროპაში.

დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში გრენლანდია, დანია და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.