Loading data...
გრენლანდიამ ტრამპის მიერ გაგზავნილ სამედიცინო გემზე უარი განაცხადა

დანიისა და არქტიკის ტერიტორიის ლიდერები უარყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ ადგილობრივი მთავრობა კუნძულის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს. „არა, გმადლობ!“, - ასე უპასუხეს მათ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ გრენლანდიაზე სამედიცინო დახმარებით დატვირთული გემი გაგზავნოს. 

„ჩვენ არ გვჭირდება სხვა ქვეყნის მხარდაჭერა“, - აცხადებენ ოფიციალურ ნუუკში. ინფორმაციაზე The Guardian წერს. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლუიზიანას გუბერნატორთან ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, გრენლანდიაში სამედიცინო გემს გააგზავნის. 

ლუიზიანას შესანიშნავ გუბერნატორ ჯეფ ლენდრისთან ერთად, ჩვენ გრენლანდიაში დიდ სამედიცინო გემს გავგზავნით, რათა დახმარება გავუწიოთ ავადმყოფ ადამიანებს, ვინც საჭირო მკურნალობას ვერ იღებს. გემი უკვე გზაშია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპის ეს პოსტი მოგვიანებით თეთრმა სახლმაც გააზიარა.

გრენლანდიის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზება თავაზიანად უარყვეს. 

„პრეზიდენტ ტრამპის იდეა, რომ კუნძულელებს ამერიკული სამედიცინო გემი აჩუქოს - განხილულია, თუმცა ჩვენ ვამბობთ „არა“-ს, რადგან საკუთარი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და მოქალაქეებისთვის მომსახურება უფასოა“, - დაწერა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ Facebook გვერდზე. 

ინფორმაციისთვის, გრენლანდიაში, ისევე როგორც დანიაში, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა უფასოა და გადასახადების გადამხდელების მიერ ფინანსდება.