Loading data...
გრენლანდია და დანია აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია, თუმცა კუნძულის ბედი გაურკვეველი რჩება

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოცფელდტმა აშშ-სთან დიპლომატიური მოლაპარაკებები „პოზიტიურად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ დანიის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ტერიტორიის ბედი გაურკვეველი რჩება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ გამოთქვამს კუნძულის ფლობის სურვილს. 

„ჩვენ ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, ვიყოთ. გრძელი გზა იქნება, ამიტომ სად მივალთ ბოლოს, ჯერ ნაადრევია ამის თქმა“, - განაცხადა მოცფელდტმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ანანდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტუაცია მსგავსად აღწერა და თქვა: „ჩვენ კრიზისიდან არ გამოვსულვართ და გამოსავალი ჯერ არ გვაქვს. ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ვიყავით“.

მისივე თქმით, „არ არსებობს საფრთხეები მოლაპარაკებების მაგიდაზე, არ არსებობს სავაჭრო ომი ევროპასთან“ და ყველა მხარე შეთანხმდა ჩიხიდან გამოსასვლელად „ნორმალურ დიპლომატიურ“ მიდგომაზე.