Loading data...
„გრენლანდია არ იყიდება“ - დანიის პრემიერი დონალდ ტრამპს

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ნატოს ლიდერების შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ლიდერის განცხადებაზე, რომ გრენლანდია შეერთებულმა შტატებმა უნდა აკონტროლოს და არა დანიამ.

როგორც ფრედერიქსენმა აღნიშნა, გრენლანდიის სტატუსზე დანიის პოზიცია უცვლელია.

„ვფიქრობ, ამ თემაზე აშშ-ის პოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან ნათელია. ჩვენი პოზიცია ნათელია, გრენლანდია, რა თქმა უნდა, არ იყიდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოკავშირე პატივს სცემს გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას. დანია სუვერენული სახელმწიფოა და ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა დანია, სამხედრო გზით დაიცვას გრენლანდია ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ დანია მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაიცვას თავი.

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი, მათ შორის ჩვენიც. სწორედ ამისთვის შეიქმნა ნატო, ერთ წევრს თუ რამე დაემართება, ყველა მის დასაცავად დადგება“, - დასძინა დანიის პრემიერმა.