Loading data...
გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა მშვიდობის სამიტის კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს - Financial Times-ი მიზეზს განმარტავს

ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის ზოგიერთმა ქვეყანამ არ მოაწერა ხელი ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც უკრაინის ომის შესახებ შვეიცარიაში გამართული მშვიდობის გლობალური სამიტის მონაწილეებმა გაავრცელეს, თუმცა ისინი სამიტს ესწრებოდნენ. მათ შორის არიან ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

Financial Times-ის ცნობით, უკრაინამ ღონისძიების მონაწილეთა უმრავლესობისგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. თუმცა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სამხრეთ აფრიკამ და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ უარი თქვეს ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა“ უკრაინაში ომის დასრულების „საფუძველს წარმოადგენს“. 

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის სამიტზე აქტივობა შთამბეჭდავი აღმოჩნდა, საკვანძო ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, გადაწყვეტილება, არ დაუჭირონ მხარი ამ დოკუმენტს, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი თავის საერთაშორისო ეკონომიკურ ძალასა და გავლენას ინარჩუნებს. რუსეთი შეხვედრაზე არ იყო მიწვეული. ჩინეთმა, რუსეთის სამხედრო ეკონომიკის მთავარმა სპონსორმა, მოსკოვის არყოფნის გამო, დასწრებაზე უარი განაცხადა“, - აღნიშნავს FT.

როგორც Financial Times-ი წერს, სამიტზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის ათი პუნქტიდან მხოლოდ სამი იყო წარმოდგენილი, კერძოდ:

კომუნიკე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ოპერირების მნიშვნელობას „უკრაინის სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ“;

ასევე, საუბარია სამხედრო ტყვეების სრულ გაცვლასა და რუსეთში დეპორტირებული უკრაინელების დაბრუნებაზე;

ამასთან, ნახსენებია სურსათის უსაფრთხოება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იარაღი - უკრაინული სურსათის ექსპორტი უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა განხორციელდეს.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს უკრაინა სამშვიდობო გეგმის დანარჩენი 7 პუნქტისთვის მხარდაჭერის მოპოვებას, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რუსული ჯარების გაყვანა, რეპარაციები და ომის დამნაშავეების დევნა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მშვიდობის გლობალური სამიტის დასკვნით დეკლარაციას ხელი მოაწერა 80-მა ქვეყანამ და ოთხმა ორგანიზაციამ. ხელმომწერთა შორის საქართველოცაა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელმომწერთა განახლებული სიის თანახმად, ერაყმა და იორდანიამ თავიანთი ხელმოწერები გაიწვიეს.