Loading data...
გიტანას ნაუსედა: ევროპული ქვეყნები ნატოს ხარჯების 5%-იან ამოცანას თუ ვერ შეასრულებენ, ალიანსი ორ ან სამ ნაწილად გაიყოფა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ნატოს განხეთქილების საფრთხე ემუქრება, თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეასრულებს ალიანსის სამიზნე მაჩვენებელს - მშპ-ის 5%-ის დახარჯვას თავდაცვისთვის.

„ძალიან საკამათო ან წინააღმდეგობრივი იქნება, თუ ზოგიერთი ქვეყანა შეეცდება მეტის გაკეთებას და მიაღწევს ამ მიზანს მომდევნო წლებში, ხოლო სხვა ქვეყნებში რყევები იქნება, ვთქვათ, 2 პროცენტის ან 2.5 პროცენტის დონეზე. ეს ალიანსს, ბუნებრივია, ორ ან სამ ნაწილად დაყოფს და ეს არც ისე კარგია ალიანსში კოლექტიური თავდაცვის სულისკვეთებისა და ჩვენი სოლიდარობისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნატოს მოკავშირეები, ესპანეთის გარდა, შარშანდელ ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ევროპული ქვეყნების უმეტესობა ამჟამად ამ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს და ფისკალური შეზღუდვების წინაშე დგას, ბუნდოვანია, რამდენი მათგანი შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას.