Loading data...
გიდეონ საარი: კატეგორიულად უარვყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და მისი სიტყვების ქედმაღლურ ტონს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი პასუხობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედ მილიბენდს მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა დიპლომატმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის დასახლებების გაფართოების გეგმები გააპროტესტა და ისრაელის ხელისუფლებას პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდა.

X-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში საარი აღნიშნავს, რომ ებრაელ ხალხს ისტორიული და სრული უფლება აქვს, საკუთარ სამშობლოში იცხოვროს „ისევე როგორც ბრიტანელებს აქვთ უფლება იცხოვრონ ლონდონსა და მთელ გაერთიანებულ სამეფოში“.

„კატეგორიულად უარვყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და მისი სიტყვების ქედმაღლურ ტონს. ებრაელ ხალხს აქვს უფლება, იცხოვროს ისრაელის მთელ მიწაზე, ისევე როგორც ბრიტანელებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ლონდონში და გაერთიანებული სამეფოს მთელ ტერიტორიაზე.

ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ბალფურის დეკლარაციამ ოფიციალურად აღიარა ებრაელი ხალხის ისტორიული უფლება, აღედგინა თავისი ეროვნული კერა ისრაელის მიწაზე - მათ შორის, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზეც. თავად ბრიტანეთი დღესაც აკონტროლებს კოლონიურ ტერიტორიებს, რომლებიც მისი სანაპიროებიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. ამიტომ აბსურდულია, როდესაც ბრიტანეთი ებრაელ ხალხს მიუთითებს, სად შეიძლება იცხოვროს საკუთარ ისტორიულ, პატარა სამშობლოში, მაშინ, როდესაც ებრაელი ხალხის კავშირი ამ მიწასთან და ამ მიწაზე მისი უფლება კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად დოკუმენტირებული ფაქტია.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სრულიად ცალმხრივია. ისრაელის დაგმობისას ის თვალს ხუჭავს პალესტინურ ტერორიზმზე, ძალადობისკენ წაქეზებასა და პალესტინის ხელისუფლების მიერ ტერორიზმისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებაზე - ე.წ. „მოკალი და მიიღე“ პოლიტიკაზე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის სისტემატურმა პოლიტიკამ, რომელიც მხოლოდ ისრაელს ადანაშაულებს და პალესტინურ ექსტრემიზმს იგნორირებას უკეთებს, უკვე ხელი შეუწყო ანტისემიტური სიძულვილისა და თავდასხმების მასობრივ ტალღას ბრიტანეთის ებრაული თემის წინააღმდეგ. ამ გზის გაგრძელება ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დააზიანოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ძალიან სამწუხაროა. თუმცა ისრაელი ამ პოლიტიკის პასიური მსხვერპლი არ გახდება. ისრაელი დაიცავს საკუთარ უფლებებს, ინტერესებსა და თავის ხალხს“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.