Loading data...
გიდეონ საარი: ისრაელს ლიბანთან არანაირი სერიოზული უთანხმოება არ აქვს, არსებობს რამდენიმე მცირე სასაზღვრო დავა, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია

ბეირუთსა და იერუსალიმს შორის ვაშინგტონში 23 აპრილს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ისრაელს ლიბანთან „სერიოზული უთანხმოება“ არ აქვს.

„40 წელზე მეტი ხნის შემდეგ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. სამწუხაროდ, ლიბანი არშემდგარი სახელმწიფოა. სახელმწიფო, რომელიც ფაქტობრივად ირანის ოკუპაციის ქვეშაა „ჰეზბოლას“ მეშვეობით. თუმცა ამას ასევე მივყავართ დასკვნამდე: „ჰეზბოლა“ ისრაელისა და ლიბანის საერთო მტერია. ისევე, როგორც ის საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას, ასევე აზიანებს ლიბანის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს“, - განაცხადა საარმა.

მისი თქმით, ისრაელს „ლიბანთან არანაირი სერიოზული უთანხმოება არ აქვს“. „არსებობს რამდენიმე მცირე სასაზღვრო დავა, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია. ქვეყნებს შორის მშვიდობასა და ნორმალიზაციას ერთი რამ აბრკოლებს: „ჰეზბოლა“, - აღნიშნა მან.

ხვალ დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებების წინ საარმა მოუწოდა ლიბანის მთავრობას, ერთად იმუშაონ იმ ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც „ჰეზბოლამ“ ლიბანის ტერიტორიაზე შექმნა.

„ეს თანამშრომლობა თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ. ის მოითხოვს მორალურ სიცხადეს და გამბედაობას რისკზე წასასვლელად. თუმცა არ არსებობს რეალური ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენთვის და ჩვენთვის მშვიდობიან მომავალს და თქვენთვის, ლიბანისთვის - სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ირანის ოკუპაციისგან თავისუფალ მომავალს“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.