Loading data...
გიდეონ საარი: „ჰეზბოლამ“ მარტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით 7 000-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰეზბოლამ“ მარტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით 7 000-ზე მეტი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებების მეორე დღეს.

საარმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის რეალური უთანხმოება მხოლოდ რამდენიმე სასაზღვრო საკითხს ეხება, რომელთა მოგვარებაც, „მოკლევადიანი მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი“.

„ჩვენი საერთო მტერი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლაა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ დაჯგუფებამ ესკალაცია მარტის დასაწყისში დაიწყო, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ სარაკეტო იერიშები განახორციელა.

„წარმოიდგინეთ, თქვენს ქალაქებს ასე რომ, ესხმოდნენ თავს. რომელი ქვეყანა არ იმოქმედებდა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების აღსადგენად?“ - იკითხა საარმა.

მისი თქმით, ამის საპასუხოდ ისრაელმა ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანში დაახლოებით 10 კილომეტრით შეიჭრნენ იმ ზონაში, რომელსაც ისრაელი უსაფრთხოების ბუფერულ სივრცედ მოიხსენიებს.

CNN-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელი განიხილავს სამხრეთ ლიბანში დაკავებული ტერიტორიების ნაწილიდან „სიმბოლურ“ გასვლას, როგორც ლიბანის მთავრობის მიმართ კეთილი ნების ჟესტს. თუმცა მოლაპარაკებების პირველ დღეს აშშ-ში ისრაელის ელჩმა გააფრთხილა, რომ პროცესი, შესაძლოა, „კატასტროფისკენ მიემართებოდეს“, რადგან, მისი შეფასებით, ლიბანში ირანის გავლენა კვლავ ძლიერია.