Loading data...
ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის პოსტზე იზზ ალ-დინ ალ-ჰადადის შემცვლელად მოჰამედ ოდეჰი აირჩიეს

„ჰამასის“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოჰამედ ოდეჰი ღაზაში ტერორისტული დაჯგუფების ლიდერისა და სამხედრო ფრთის უფროსის თანამდებობაზე იზზ ალ-დინ ალ-ჰადადის შემცვლელად აირჩიეს. ინფორმაციას The Times Of Israel-ი საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო Asharq Al-Awsat-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ალ-ჰადადი 15 მაისს ისრაელის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა.

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოდეჰი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს „ჰამასის“ „ალ-ქასამის ბრიგადების“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი იყო, ალ-ჰადადთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა და მასთან ერთად თანამშრომლობდა „ჰამასის“ ორგანიზაციული სტრუქტურის განახლებაზე“ დაჯგუფების ყოფილი ლიდერების, მუჰამედ დეიფისა და მუჰამედ სინვარის მკვლელობის შემდეგ.

მედია დეტალების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოდეჰს თავდაპირველად „ალ-ქასამის ბრიგადების“ ხელმძღვანელობა გასული წლის მაისში სინვარის მკვლელობის შემდეგ შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.

გამოცემის ცნობით, ოდეჰს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე პერიოდში ღაზას საზღვართან ახლოს მდებარე ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზებსა და ღაზას სამხედრო დივიზიის სუსტ წერტილებზე დაზვერვის მონაცემების შეგროვება დაევალა.