Loading data...
ღაზას ომი და ირანის თავდასხმა ისრაელზე შეიძლება გადაიზარდოს სრულმასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში - გუტერეში

ახლო აღმოსავლეთში ერთმა შეცდომამ, ერთმა არასწორმა კომუნიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოუდგენელი, სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი იქნება ყველა მონაწილისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გუტერეშის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს ომის ზღვარზე მიიყვანს.

„ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულება მნიშვნელოვნად განმუხტავს დაძაბულობას რეგიონში. 7 ოქტომბერს „ჰამასისა“ და პალესტინის სხვა შეიარაღებული ჯგუფების საშინელი ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის, მასობრივი მკვლელობები, სექსუალური ძალადობის გამოყენება, წამება და მძევლების აყვანა იყო კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების აუტანელი უარყოფა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური წესების დარღვევა.

იმავდროულად, ისრაელის თითქმის შვიდთვიანმა სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში ჰუმანიტარული ჯოჯოხეთი შექმნა. ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 800-ზე მეტი ბავშვი, ხოლო ორი მილიონი პალესტინელი ახლა შიმშილის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მასშტაბური დახმარების მიწოდება მოითხოვს ისრაელის სრულ და აქტიურ ხელშეწყობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში“, - დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.