Loading data...
გერმანიისა და დანიის სკოლებმა ბომბის შესახებ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს

23 ნოემბრის დილას დაახლოებით 450-მა გერმანულმა სკოლამ აფეთქების მუქარის შემცველი იდენტური ელექტრონული წერილები მიიღო. ამის შესახებ Bild იუწყება.

ფრაიბურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ სკოლებიდან მიიღო შეტყობინებები აფეთქების სავარაუდო მუქარების შესახებ. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ გაუგზავნა წერილები საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ამ ეტაპზე გამომძიებლები მუქარას სერიოზულად არ მიიჩნევენ.

„ამჟამინდელი ინფორმაციით, მუქარის შემცველი შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით ქვეყნის მასშტაბით 450-ზე მეტ სკოლაში გაიგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, სკოლებისთვის გაგზავნილი წერილები იდენტური ტექსტის და სათაურის შემცველია: „სიკვდილი გელით“.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს მსგავსი სათაურით მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები დანიის რამდენიმე სკოლაშიც შევიდა.

თიურინგის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველები დანაშაულის ჩადენის მუქარის გზით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.

პოლიციას სკოლებისთვის მოსწავლეთა ევაკუაციის რეკომენდაცია არ მიუცია. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ზოგიერთმა სასწავლო დაწესებულებამ ბავშვები დილით სახლებში გაუშვა.