გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ევროპა ახლა გრძელვადიანი საფრთხის წინაშე დგას.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი აღარ არის რეგიონალური.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი „უკვე დიდი ხანია, სრულად გადავიდა სამხედრო ეკონომიკაზე“.
„სამ თვეში რუსეთი აწარმოებს იმდენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რამდენსაც მთელი ევროკავშირი აწარმოებს წელიწადში“, - დასძინა პისტორიუსმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს თავის გამოსვლაში პუტინი საუბრობდა „სერიოზულ, შეურიგებელ ბრძოლაზე ახალი მსოფლიო წესრიგისთვის“.
პისტორიუსის თქმით, პუტინი უკვე მიიჩნევს თავს უკრაინელების წინააღმდეგ ომში გამარჯვებულად. ამავდროულად კი, დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების გამოყენებით, ჰიბრიდული ომი სრული სვლით მიმდინარეობს.
„ჩვენი უსაფრთხოება მყიფეა“, - აღნიშნა მან.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანიამ უნდა დააჩქაროს ტემპი და მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავის სამხედრო პოტენციალში.