Loading data...
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბალტიის ზღვა რუსეთთან დაპირისპირების არენა სულ უფრო მეტად ხდება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, მათ შორის ბალტიის ზღვაში, მათი მდგრადობის შესამოწმებლად. ამის შესახებ მან ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. 

პისტორიუსმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, სწრაფად განავითარონ კონტინენტის თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეზე მიუთითა.

„მოსკოვი უკვე ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს კიბერშეტევების, ჯაშუშობის, დივერსიისა და დეზინფორმაციის გზით“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის განცხადებით, ბალტიის ზღვა, რომელიც დიდი ხანია ევროპულ ქვეყნებს შორის ხიდად მიიჩნევა, სულ უფრო მეტად ხდება დაპირისპირების არენა.

ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის რეგიონი სახიფათო გეოპოლიტიკურ ცხელ წერტილად იქცევა.