1732545182
უცხოეთი
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად წარადგინა
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) აღმასრულებელმა საბჭომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი 2025 წლის 23 თებერვლის ფედერალურ არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე ერთხმად წარადგინა.
როგორც გერმანული მედია წერს, შოლცის დასახელებამდე პარტიაში ორი კვირის განმავლობაში დებატები მიმდინარეობდა. პოლიტიკური გაერთიანების წევრებს არჩევანი ოლაფ შოლცსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს შორის უნდა გაეკეთებინათ.
პისტორიუსმა, რომელიც, გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, გასულ კვირას განაცხადა, რომ კანცლერის პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს და მხარდაჭერას შოლცს უცხადებს.
ოლაფ შოლცის კანდიდატურა ოფიციალურად უნდა დადასტურდეს პარტიულ კონფერენციაზე, რომელიც 2025 წლის 11 იანვარს გაიმართება.