Loading data...
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა, ნატოს 2029 წელს შეუტიოს

ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბროიერი მიიჩნევს, რომ რუსეთი ნატოზე შეტევას 2029 წელს შეძლებს და ეს შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს. ამის შესახებ მან გაზეთ Süddeutsche Zeitung-ისთვის ბრიტანელ კოლეგასთან რიჩარდ ნაიტონთან ერთად  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა ინდიკატორი - იარაღი, პერსონალის ზრდა, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები - ერთ თარიღზე მიუთითებს: 2029 წელი. შეიძლება ეს უფრო ადრე მოხდეს? დიახ“, - აღნიშნა ბროიერმა.

„სწორედ ამიტომ გვჭირდება, პირველ რიგში, საბრძოლო მზადყოფნა; მეორე, 2029 წლისთვის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება და მესამე, ტექნოლოგიური უპირატესობა 2035 წლისთვის და შემდგომ პერიოდში. ახალი სამხედრო სტრატეგია და საბრძოლო შესაძლებლობების პროფილი განსაზღვრავს წინსვლის გზას“, - დასძინა გერმანელმა მეთაურმა.

ბრიტანელმა მეთაურმა განაცხადა, რომ ზუსტი თარიღის პროგნოზირება რთულია.

„თუმცა ტენდენცია აშკარაა: საფრთხე იზრდება. რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, სწავლობს ამ გამოცდილებიდან და ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს. პუტინმა კი აჩვენა სუვერენულ სახელმწიფოებზე შეტევის მზადყოფნა. რაც უფრო უახლოვდები რუსეთის საზღვარს, მით უფრო იგრძნობა ეს“, - აღნიშნა რიჩარდ ნაიტონმა.