Loading data...
გერმანიის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში შევიდა

კვირას, 21 სექტემბერს, ნატოს ავიაგამანადგურებლებს კვლავ მოუწიათ რუსული სამხედრო თვითმფრინავის განდევნა. ამჯერად გერმანიის ჯერი დადგა, იტყობინება Reuters.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ორი გერმანული Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაგზავნეს ბალტიის ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მყოფი რუსული IL-20m სადაზვერვო თვითმფრინავისთვის თვალყურის სადევნებლად.

„კიდევ ერთხელ, ჩვენს სწრაფი რეაგირების ძალებს, რომლებიც ორი Eurofighter გამანადგურებლისგან შედგებოდა, ნატოსგან დავალება მიეცათ, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენის გეგმის, ან რადიოკავშირის გარეშე ამოუცნობი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოეხდინათ“, - ნათქვამია გერმანიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

როგორც გერმანელმა პილოტებმა დაადგინეს, ეს იყო რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი IL-20m. რუსული თვითმფრინავის ვიზუალური იდენტიფიკაციის შემდეგ მისი ესკორტის მოვალეობა შვედეთის საჰაერო ძალებს გადაეცა, რომლებიც ნატოს ახლახან შეუერთდნენ.

ამასთან, Reuters-ი იუწყება, რომ ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო სამშაბათს, 23 სექტემბერს, შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ესტონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული გამანადგურებლის შეჭრის ინციდენტი.