Loading data...
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: პუტინი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, რაც, ასევე, შეურაცხყოფაა დონალდ ტრამპისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო მასშტაბური საჰაერო დარტყმები, ასევე, შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.

„პუტინი ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, რაც, ასევე, შეურაცხყოფაა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის“, - აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, ტრამპმა ძალიან სცადა პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა - „და, აი, ასეთია რეაქცია“.

ვადეფულის განცხადებით, პუტინს მშვიდობა არ სურს.

„მას ომის გაგრძელება სურს და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“, ამიტომ მზადდება შემდგომი სანქციები, რომლებიც ევროპულ ჩარჩოებში იქნება მიღებული.

დასავლეთის მხრიდან იქნება მკაფიო რეაქცია და ვფიქრობ, რომ ასევე, აშშ-ის მხრიდანაც.

ჩვენ, ყველამ, გადამწყვეტად უნდა ვუპასუხოთ. საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური დასავლეთი ამას ვერ შეეგუება. აშშ-ს, ისევე როგორც ევროპელებს, გადამწყვეტად პასუხის გაცემის საშუალება აქვთ“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.