Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ კორესპონდენტის ცნობით, ვადეფულმა და ლავროვმა თანაშემწეების თანხლებით ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ვიდრე პრესის წარმომადგენლებს გასვლას სთხოვდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეხვედრა გერმანიის ინიციატივით გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, ვადეფულისა და ლავროვის შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა.

როგორც გერმანული მედია Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე რუს კოლეგას მოუწოდა, „უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ესკალაციის საფრთხის შემცველ გზაზე“.

ამასთან, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორებიცაა ლაიფციგში თავდასხმის მცდელობა, თუ სხვა ჰიბრიდული შეტევები, ვერ შეარყევს გერმანიის მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს კიევს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ვადეფულმა ლავროვს უთხრა, რომ ურთიერთობების ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობა გერმანიის ინტერესებში არ შედის. კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენა ნებისმიერ დროს შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ომის დასრულება, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ორმხრივი შეხვედრაა რუსულ და გერმანულ მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო.