გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ნატოს დამარცხების არცერთი შანსი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის, დაიცვას თავისი ტერიტორია ნებისმიერი რუსული შეჭრისგან და რუსეთს არ ექნება ალიანსის დამარცხების არცერთი შანსი.
„ჩვენი ქვეყნები არ არიან დაინტერესებულნი ესკალაციით, მაგრამ რუსეთს, შესაძლოა, სურდეს ჩვენი ხაფანგში შეტყუება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მას არ ექნება არცერთი შანსი ჩვენ დასამარცხებლად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან, ასევე, გაიმეორა გერმანიისა და მისი მოკავშირეების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელოს ამ ათწლეულის ბოლომდე.
ვადეფულმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო ხარჯების მკვეთრ ზრდაზე, რაც კანცლერ ფრიდრიხ მერცის მმართველმა კოალიციამ დაიწყო, გერმანიის შეიარაღებული ძალების ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად გადაქცევის დაპირების ფარგლებში.