Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს „შემდგომი ნაბიჯებით“ დაემუქრა, თუ თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული რუსეთს „შედეგებით“ ემუქრება, თუ ის არ შეუერთდება წინადადებას, 15 მაისს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს.

ვადეფულმა რუსეთს „მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 15 მაისი უკრაინაში ომის შესაძლო დასრულებისთვის „მნიშვნელოვანი თარიღია“.

„რუსეთმა იქ ცარიელი ადგილი არ უნდა დატოვოს, არამედ უნდა გამოცხადდეს, თუ სერიოზულად არის დაინტერესებული მშვიდობით“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავდროულად, თუ რუსეთი მოლაპარაკებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას არ მიიღებს, ვადეფული მოსკოვს შემდგომი ნაბიჯებით ემუქრება.

„ამ შემთხვევაშიც იქნება შედეგები. ჩვენ არ დავდგებით განზე და არ ვუყურებთ, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი ამ ომს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ მოლაპარაკებებისთვის თურქეთში ჩავა.