გერმანიის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა უნდა გაიგოს, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

გერმანიის მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, პირობა დადო, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ გააგრძელებს გერმანიის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას და გერმანიის პოზიციების განმტკიცებას მსოფლიოში. აღნიშნულის შესახებ მან DW-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ყველასთვის, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინისთვის, ნათელი უნდა იყოს: ჩვენ უკრაინის მხარეს ვიდგებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და შევთავაზებთ მას შესაძლებლობას, იყოს რუსეთთან თანასწორ პირობებში“, - აღნიშნა ვადეპულმა.
მისივე ცნობით, გერმანიის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის დამყარებას გეგმავს, რათა მიაწოდოს თავისი პოზიცია კიევის მხარდაჭერის შესახებ.
როგორც გერმანიის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, მთავარი პრიორიტეტები - ძლიერი ევროპა და ნატოა.
„ბერლინს სურს, ტრამპის ადმინისტრაციას გააგებინოს, რომ მათ ინტერესებშია, ჰყავდეთ ძალიან ძლიერი უკრაინა. გერმანია ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა მკაფიო სურვილი, გაეძლიერებინა ევროპა, გაეხადა ევროკავშირი უნარიანი, გადაეჭრა ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩვენი პირველი ამოცანა. მეორე, რა თქმა უნდა, აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია, რომელიც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყველა ევროპელში“, - განაცხადა ვადეპულმა.
პოლიტიკოსმა, ასევე, დაადასტურა გერმანიის ერთგულება ნატოს პრინციპების მიმართ.
მან აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტები უნდა გაზარდონ.
„გერმანია ამ სფეროშიც წამყვან პოზიციას დაიკავებს. თუმცა, ჩვენ, ასევე, გვსურს ვაშინგტონისგან მოვისმინოთ, რომ ისინი აფასებენ ჩვენს ძალისხმევას და იცავენ ჩვენს საერთო მიზნებს“, - დასძინა პოლიტიკოსმა.