Loading data...
გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

საქმე ეხება მოქალაქის მიერ ფრიდრიხ მერცის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, სადაც მოქალაქემ გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს „ლიუგენფრიცი“ - „მატყუარა ფრიცი“ უწოდა.

ბადენ-ვიურტემბერგის მცხოვრები სასამართლომ „ფეისბუქზე“ დაწერილი მხოლოდ ერთი კომენტარის გამო დასაჯა. მან ფრიდრიხ მერცს მატყუარა უწოდა. გერმანულად ეს ჟღერდა როგორც „ლიუგენფრიცი“ - „მატყუარა ფრიცი“, რაც სახელი ფრიდრიხის კნინობითი ფორმაა. სასჯელი 30 დღის ხელფასს შეადგენს - ინფორმაციას შმიდტი გერმანულ მედიასაშუალება Junge Freiheit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიტიკოსი ვიდეოში ამ ამბის შესახებ ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ჰაილბრონის პროკურატურამ ეს შემდეგნაირად განმარტა: ეს კომენტარი თითქოს ხელყოფს ნდობას, აკნინებს კანცლერის პატიოსნებას და აგრესიას აღვივებს მის თანამოაზრეებში. საფუძველი კი სისხლის სამართლის კოდექსის მავნე 188-ე პარაგრაფია - „ცალკე მუხლი პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის“.

მისივე თქმით, „გერმანელებს მწარე კომენტარებისთვის მიზეზი თავზესაყრელად აქვთ. არჩევნებზე მერცი იფიცებოდა, რომ ახალ ვალებს არ აიღებდა, მიგრაციულ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლიდა და „შუქნიშნის“ (წინა სამთავრობო კოალიციის) დროინდელ ყველა გადაცდომას გამოასწორებდა. გამარჯვების შემდეგ კი ყველა დაპირება დაივიწყა და 500 მილიარდი ევროს ოდენობის ვალის პაკეტი დაამტკიცა და, აი, შედეგიც: სანამ პროკურორები და პოლიცია ძალებს „ფეისბუქის“ კომენტარებზე ხარჯავენ, რიგითი მოქალაქეები ქუჩებში კრიმინალის ზრდას ხედავენ და გრძნობენ, რომ მათ არავინ იცავს. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“.

ამასთან, ევგენ შმიდტი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ კიდევ რომელი უწყინარი სიტყვები ხდება სისხლის სამართლის საქმის საფუძველი და აუდიტორიას სასამართლოს ამ სკანდალური განაჩენის დეტალებს აცნობს.

შმიდტი ამართლებს მოქალაქის კრიტიკას და ხაზს უსვამს, რომ კანცლერისთვის „მატყუარას“ წოდება არა ცილისწამება, არამედ სიმართლეა. არგუმენტად კი მისი წინასაარჩევნო დაპირებები მოჰყავს.

„პორტალ Junge Freiheit-ზე არის სტატია ჰაილბრონის სასამართლოს სწორედ ამ სკანდალურ განაჩენზე. საქმე ეხება მამაკაცს, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში პოლიციის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ (სადაც საუბარი იყო კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით ქალაქში საჰაერო სივრცის დაკეტვაზე), უამრავ ნეგატიურ გამოხმაურებას შორის, ერთი ასეთი კომენტარი დაწერა - „ლიუგენფრიცი“, ანუ „მატყუარა ფრიცი“. დიახ, „მატყუარა ფრიცის“ გამო ჩვენთან ახლა ჯარიმაა დაწესებული. მოკლედ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მიმართვით მამაკაცმა შელახა კანცლერისადმი ნდობა. ფორმულირებაში ასევე წერია, რომ მან თითქოს სხვა დამცინავი კომენტარების პროვოცირება მოახდინა. ანუ, ამით შეილახა და შეირყა ჩვენი კანცლერის პატიოსანი სახე. საბოლოო ჯამში - 30 დღიური განაკვეთი. გერმანიაში ხშირად იყენებენ ასეთ ჯარიმებს ციხეში ჩასმის ნაცვლად, რაც ადამიანის შემოსავლით იანგარიშება. მაგალითად, თუ ის თვეში პირობითად 2000 ევროს იღებს, ჯარიმაც ამ თანხიდან გამოითვლება. მაგრამ ეს მთელი ისტორია, რა თქმა უნდა, თეთრი ძაფით არის ნაკერი. გახსოვთ, ეს იმ ისტორიის ნაწილია, როდესაც მერცს იმავე „ფეისბუქ“ პოსტში „პინოქიო“ უწოდეს. „პინოქიოს“ საქმეს მაშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან პოლიციამ თავად აიღო და 38 ასეთი კომენტარი პროკურატურას გადასცა. ნაწილი ჰაილბრონის პროკურატურამ გამოიძია, ნაწილი ტიუბინგენის და ნაწილი შტუტგარტის. შტუტგარტისა და ტიუბინგენის პროკურატურებმა ეს საქმეები მაინც დახურეს, რადგან დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. როგორ შეიძლება, ადამიანს კანცლერისთვის „პინოქიოს“ წოდების გამო სდიო. გასაგებია, რომ ეს იყო მინიშნება მის ტყუილებზე, ისევე, როგორც „ლიუგენფრიცი“.

თუმცა ჰაილბრონის პროკურატურამ და სასამართლომ მიიჩნიეს, რომ საქმე ბოლომდე მისაყვანი იყო და მიიყვანეს კიდეც. მთელი ეს აბსურდი ეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე პარაგრაფს, რომელსაც აქ „მეფის შეურაცხყოფის მუხლსაც“ უწოდებენ, რადგან პოლიტიკოსები აღიარებულნი არიან განსაკუთრებულ პერსონებად, რომელთა პატივი და ღირსება განსაკუთრებული ფორმით უნდა იყოს დაცული. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ პარაგრაფის რეალიზება იმით სრულდება, რომ ინტერნეტში ყველას, ვინც სიტყვებს არ არჩევს და პირდაპირ ამბობს იმას, რასაც პოლიტიკოსზე ფიქრობს, პირი უნდა მოუკეტონ. გახსოვთ, თავად ფრიდრიხ მერცი ამბობდა, რომ არ მოსწონს მის მისამართით ინტერნეტში ამდენი ნეგატივი რომ იღვრება. და, აი, იმისთვის, რომ ეს ნეგატივი არ იყოს, ჩვენი სასამართლო სისტემა ასე მუშაობს, რომ ხალხს აიძულებს, გაჩუმდეს. სხვათა შორის, როგორც უკვე ვთქვი, აქ წერენ სხვა მსგავს გამონათქვამებზეც, მაგალითად: „მატყუარა მასხარა“ და „მეორეხარისხოვანი მატყუარა მასხარა“ - ეს არის მინიშნება იმაზე, რომ მერცი პირველივე მცდელობაზე ვერ აირჩიეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგში მემარცხენეებმა დაუჭირეს მხარი, მიიღო საჭირო უმრავლესობა. მაგრამ ასეთ გამონათქვამებზეც კი არაფერი ყოფილა, სხვა პროკურატურებმა საქმეები უბრალოდ დახურეს. მოკლედ, თავი არ მოიჭრეს. აი, გამოთქმებზე „პოზიორი“, ან „პიჟონი“, ადამიანს უბრალოდ 100-ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, კვლავ იმისთვის, რომ კანცლერის მისამართით ცუდი აღარაფერი ეთქვათ. მოკლედ, ამ რეზონანსულ საქმეს მაინც მოჰყვა გაგრძელება. თუმცა „პინოქიოს“ საქმე დაიხურა, სამაგიეროდ „მატყუარა ფრიცის“ თქმა კანცლერზე აღარ შეიძლება, თორემ წააწყდებით ჯარიმას - თქვენი 30 დღის გამომუშავებას, რაც ყველასთვის ინდივიდუალურია.

მოდით, ამ სიტუაციას მეორე მხრიდან, ფაქტების მიხედვით შევხედოთ. როდესაც ადამიანმა კანცლერს „მატყუარა ფრიცი“ უწოდა, მან ხომ არსებითად სიმართლე თქვა? კანცლერი, ჯერ კიდევ კანცლერობის კანდიდატად ყოფნისას, ძალიან ბევრ რამეს გვპირდებოდა და დაპირებებიდან არაფერი შეასრულა. გახსოვთ მისი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ „სესხების ლიმიტის“ დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ეს მომავალ თაობებს ართმევს მომავალს და პასუხისმგებლობაა საჭირო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ფაქტობრივად, მეორე დღესვე ცვლის კონსტიტუციას, ცვლის ძირითად კანონს, რათა ახალი ვალები აიღოს. ანუ, რაოდენ მკვეთრად განსხვავდება მისი წინასაარჩევნო დაპირებები და ის, რაც მან შემდგომში გააკეთა. ან გახსოვთ მისი დაპირებები? - „ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე მიგრაციულ პოლიტიკას 180 გრადუსით შემოვაბრუნებ“. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა ის დღემდე თვალდაუხამხამებლად ამბობს, რომ მიგრაციული პოლიტიკის შემობრუნება მოხდა. მაგრამ ხალხი სულელი არ არის, ყველა ხედავს, რა ხდება სინამდვილეში. და კიდევ უამრავი სხვა დაპირება, რომელიც მან დაარღვია. ამის შემდეგ მისი მატყუარად მოხსენიება... უბრალოდ მატყუარა - სწორედ რომ ჭეშმარიტი შეფასებაა. ხომ ვერ ვუწოდებთ მას „სიმართლის მთქმელ მერცს“, ან „ალალ ფრიცს“? ეს არასწორი იქნებოდა. აი, ამისთვის კი ნამდვილად უნდა გაესამართლებინათ, რადგან ეს მერცის მისამართით მცდარი განცხადება იქნებოდა. მაგრამ, არა, ხედავთ? ჩვენთან ახლა სწორედ იმისთვის ასამართლებენ, რომ სიმართლეს სიმართლეს უწოდებ და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ელფერი დაჰკრავს.

საკუთარი მოსახლეობის დევნის ნაცვლად, მერცს მართებდა, დაფიქრებულიყო, თუ რატომ ეკვრის მას მსგავსი მეტსახელები. შემთხვევითი ხომ არ არის „პინოქიოც“, „მატყუარაც“ და ყველა დანარჩენი ეპითეტი, რაც მის მისამართით ხალხში არსებობს? კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია, თუ სად იხარჯება სახელმწიფო ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის რესურსები. ქვეყანაში ქუჩის კრიმინალის თარეშია, რაც მათ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ეს რესურსები, როგორც ხედავთ, იხარჯება ჩვენი „მართალი“ კანცლერის პატივისა და ღირსების დასაცავად, რომელიც ასეთი მეთოდებით ცდილობს პირის მოკეტვას არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ უბრალოდ განრისხებული ამომრჩევლისთვის“, - განაცხადა შმიდტმა.