Loading data...
გერმანიის კანცლერმა სირიელ ლტოლვილებს მოუწოდა, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ

„სირიაში სამოქალაქო ომი დასრულებულია და ლტოლვილები ამ ქვეყნიდან, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარი მიიღეს, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ“. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

„არ არსებობს გერმანიაში ამ ადამიანებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფის საფუძველი, ამიტომ ჩვენ შეიძლება დეპორტაცია დავიწყოთ“, - განაცხადა მერცმა პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ სირიელი ლტოლვილების უმრავლესობა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდება. მისი თქმით, გერმანია სირიის აღდგენაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

გერმანიის კანცლერის ეს განცხადება, ფაქტობრივად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს დამასკოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანიაში მცხოვრები სირიელი ლტოლვილები დანგრეულ ქვეყანაში, ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდებიან.

გერმანიაში, მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, 951 ათასი სირიელი იმყოფებოდა.