გერმანიის კანცლერი: ევროპა უფრო სუვერენული და აშშ-ისგან უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპულ ქვეყნებს შეერთებული შტატებისგან კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ, განსაკუთრებით ტექნოლოგიურად. დიახ, ეს ეხება შეერთებულ შტატებსაც. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიცვალა და ამ დარბაზში არავინ წუხს ამაზე ისე, როგორც მე“, - აღნიშნა მერცმა.
როგორც მერცმა აღნიშნა, „ნოსტალგია და ძველი კარგი დღეების მოგონებები“ ევროპას არ დაეხმარება.
„ევროპა უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი უნდა გახდეს, განსაკუთრებით ტექნოლოგიური თვალსაზრისით და გერმანიას ამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, ევროპა უნდა გახდეს პოლიტიკურად ქმედითი, თავდაცვისუნარიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური თვალსაზრისით.
„გვჭირდება ამბიცია, გვჭირდება გამბედაობა და ენერგია, რათა ევროპა კვლავ გახდეს პოლიტიკურად ქმედითი. უფრო მეტი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ევროპა გახდეს თავდაცვისუნარიანი. გარდა ამისა, ევროპული ეკონომიკური გარემო ისევ კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს“, - აღნიშნა მერცმა.