გერმანიის ჯარში ქალთა 75%-ის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი
ბუნდესვერის სამხედრო ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ქალთა 75%-ის და კაცთა 35 %-ის მიმართ სამხედრო სამსახურის დროს სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ამ მონაცემებით არის აღშფოთებული და ამ მხრივ შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
სოციოლოგიური კვლევის ჩატარების წინა პერიოდში, 12 თვის განმავლობაში, სექსუალიზებული ძალადობის მსხვერპლი ქალთა 38% და კაცთა 16% გახდა.
ქალთა 7%-მა და კაცთა 2%-მა განაცხადა, რომ მათ მიმართ ვიზუალური ხასიათის არასასურველ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ანუ საუბარია პორნოგრაფიული გამოსახულების ჩვენებაზე ან გაგზავნაზე.
ამავე კვლევის მიხედვით, სექსუალიზებული დანაშაულის მსხვერპლი, ძირითადად, დაბალი სამხედრო წოდებების მქონე ქალები ხდებოდნენ და კაცები, რომლებიც ჰეტეროსექსუალები არ არიან. ძალადობაში მონაწილეთა დაახლოებით 96% კაცები არიან.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბუნდესვერში სექსუალიზებული დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა მოქმედებდეს. პისტორიუსმა განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც სამხედრო სტრუქტურის ნაწილი არ იქნება და იქ დაზარალებულებს ანონიმურად მიმართვის შესაძლებლობა ექნებათ.