Loading data...
გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქვესადგურზე ავარია განზრახ ქმედებების შედეგი იყო - პოლიცია

გერმანიის დასავლეთ ნაწილში ბერგჰაიმის ელექტროქვესადგურზე მომხდარი „მოკლე ჩართვა“ განზრახ დანაშაულებრივი ქმედების შედეგია, და არა ტექნიკური ხარვეზი. ამის შესახებ პოლიცია იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ინციდენტი 1-ელ სექტემბერს, საღამოს მოხდა. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს არ იყო ტექნიკური დეფექტი, არამედ განზრახ ჩადენილი დანაშაული“, - განაცხადეს პოლიციაში.

ქვესადგურის ოპერატორი კომპანიის, Amprion-ის ცნობით, ქვესადგურის ავარიული გათიშვის შემდეგ ქსელიდან ნახშირის ორი ელექტროსადგურის 5 ენერგობლოკი გაითიშა. ისინი დაახლოებით 3 000 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ. მიუხედავად ამისა, ქვესადგურის გათიშვას მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება არ გამოუწვევია. 

ბერგჰაიმში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა ბრანდენბურგის რეგიონში ერთ-ერთ ქვესადგურზე მომხდარი დივერსია, სადაც ტურნოვ-პრაილაკის ელექტროქვესადგურზე შეტევა განხორციელდა. ორი „მოკლე ჩართვის“ შედეგად დროებით გაითიშა იენშველდში მდებარე ელექტროსადგურის ენერგობლოკი, თუმცა ელექტროენერგიის მასიური გათიშვა არ მომხდარა. ბრანდენბურგის შს მინისტრმა იან დერმანმა მომხდარს დივერსიის კვალიფიკაცია მიანიჭა.