Loading data...
„გერმანიის ალტერნატივის“ კანდიდატები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „გერმანიის ალტერნატივის“ კანდიდატები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ და მათ ამ რეგიონის რამდენიმე მსხვილი ქალაქის ობერ-ბურგომისტრის თანამდებობის დაკავების შანსი აქვთ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ასე, მაგალითად ქალაქ გელზენკირხენში, სადაც მოსახლეობა, ტრადიციულად, გერმანელ სოციალ-დემოკრატებს უჭერს მხარს, ამ პარტიის კანდიდატს, ანდრეა ჰენცეს მეორე ტურში „გერმანიის ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ნორბერტ ემერიხი დაუპირისპირდება. მათ პირველ ტურში 37% და 29,8% მიიღეს.

დუისბურგში „გერმანიის ალტერნატივის“ კანდიდატმა ასევე მეორე ადგილი დაიკავა და მეორე ტურში გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 19,7% მიიღო.

„გერმანიის ალტერნატივის“ კანდიდატი მეორე ტურში ქალაქ ჰაგენშიც გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 21,2% მიიღო.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური გერმანიაში 28 სექტემბერს გაიმართება.