Loading data...
გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა

გერმანიის ახლადარჩეული კანცლერი ფრიდრიხ მერცი პირველი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

მერცი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, რომელმაც ის ელისეის სასახლეში მიიღო.

მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი და ბერლინი „ფრანგულ-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს“ შექმნიან.

„ჩვენ შევქმნით ფრანგულ-გერმანულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება, რათა ჩვენს საერთო სტრატეგიულ გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ორი ევროპული ქვეყანა თავდაცვაში ინვესტირებას გააგრძელებს.

„საფრანგეთი და გერმანია, თავიანთ პარტნიორებთან ერთად, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობას გააგრძელებენ“, - დასძინა მაკრონმა.

თავის მხრივ, მერცმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ცეცხლის შეწყვეტის პროცესის ზედამხედველობას“.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

„მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, თანდათანობით შევავსოთ ჩვენი შესაძლებლობების ხარვეზები და კოლექტიურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, - განაცხადა მან.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მალე უკრაინაში ვიზიტს გეგმავს.

გერმანული მედიის ცნობით, დღესვე გერმანიის კანცლერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასაც ეწვევა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდება.