Loading data...
გერმანიიდან თურქეთში ჩასული ტურისტების ოჯახი მოწამვლით გარდაიცვალა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გერმანიიდან ჩასული ტურისტების ოჯახი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. სერვეტ ბეჩეკი, მისი ცოლი და ორი შვილი სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში მოიწამლნენ. ინფორმაციას holod.media ავრცელებს.

თურქეთის სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ ტურისტები ალუმინის ფოსფატით მოიწამლნენ. ვიდრე ოჯახის წევრები თავს ცუდად იგრძნობდნენ, რამდენიმე საათით ადრე, სასტუმროში ბაღლინჯოების საწინააღმდეგო ქიმიური დეზინსექცია ჩატარდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური შენაერთი ტურისტების ნომერში აბაზანის სავენტილაციო სისტემით მოხვდა. მომხდართან დაკავშირებით  ოთხი ადამიანია დაკავებული.

ბეჩეკის ოჯახის წევრთა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღის წინ მოხდა. შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ მომდევნო დღეს ბავშვების მდგომარეობა კვლავ გართულდა და, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი დღის შემდეგ დედაც გარდაიცვალა.

ექიმებმა ვერც სერვეტ ბეჩეკის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ასევე, ექიმებს დახმარების თხოვნით სასტუმროში მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიმართა. მათი შემდგომი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.