Loading data...
გერმანიაში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა - ევაკუირებულია 2 000 ადამიანი

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ტყის ხანძარმა 200 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ Tagesschau წერს.

ხანძარი ჰიურტგენვალდის ტყეში გაჩნდა. ხელისუფლების შეფასებით, ხანძარმა შესაძლოა, 300 ჰექტარამდე ფართობი მოიცვას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სილკე გორიშენმა განაცხადა, რომ გერმანიას ამ რეგიონში ამ მასშტაბის ხანძარი ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

ხანძრის ჩაქრობას დიდი რაოდენობით ცალკეული კერები და ქარი ართულებს, ასევე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მასალის არსებობაც. ხანძრის ზონაში აფეთქებების ხმა ღამით უკვე ისმოდა. დეტონაციის რისკის გამო, ტყის გარკვეული ადგილები მეხანძრეებისთვის მიუწვდომელი რჩება. სახანძრო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, ქრობის პროცესი შესაძლოა, რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

ჰიურტგენვალდ-გეის რაიონიდან 2000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ხანძარი სოფლიდან დაახლოებით 150-200 მეტრშია გავრცელებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ოთხმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ერთ ადამიანს ევაკუაციის დროს გულზე პრობლემები შეექმნა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.