„გერმანიაში ცენზურა არ არსებობს“ - ბერლინი აკრიტიკებს აშშ-ის განცხადებას ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობის გაუარესების შესახებ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 2024 წელს გერმანიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „მხედველობაში მიიღო“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
„ჩვენ არ გვჯერა, რომ გერმანიაში პრესისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია „სტაბილური დემოკრატიაა“, სადაც გამოხატვის თავისუფლება ძალიან ფართოდ არის დაცული.
„გერმანიაში ცენზურა არ არსებობს. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ძალიან მაღალი დონეა და ჩვენ ნებისმიერი ფორმით გავაგრძელებთ მის დაცვას“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენლის მოადგილემ.
მან დასძინა, რომ დემოკრატიის დასაცავად გამოხატვის თავისუფლებას საზღვრები აქვს და აღნიშნა, რომ მაგალითად, ჰოლოკოსტის უარყოფა ერთ-ერთ ასეთ ზღვარს სცილდება.