გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე შესაძლო თავდასხმა აღკვეთეს
ბავარიაში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიის დინგოლფინგ-ლანდაუს რაიონში საშობაო ბაზრობაზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ამის შესახებ მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის ბავარიის ცენტრმა და ქვემო ბავარიის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადეს, იუწყება გერმანული მედია.
12 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, სპეციალური დანიშნულების რაზმები, ბავარიის სახელმწიფო სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახური და გერმანიის კონსტიტუციის დაცვის სახელმწიფო სამსახური მონაწილეობდნენ.
გამომძიებლების თქმით, ეგვიპტის 56 წლის მოქალაქე შობის პერიოდში დინგოლფინგ-ლანდაუს რაიონში მდებარე მეჩეთში ავტომობილით თავდასხმას გეგმავდა, რაც მიზნად ისახავდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლას, ან დაშავებას. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს შესაძლო „მკვლელობის მცდელობას“ წარმოადგენს.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სამი ეჭვმიტანილი - 30, 28 და 22 წლის მაროკოს მოქალაქეები - თავდასხმაში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ. სამივეს ბრალი წაუყენეს დახმარებასა და წაქეზებაში. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა, სირიის 37 წლის მოქალაქემ, მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ პირებს დანაშაულის ჩადენის განზრახვაში. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილ თავდასხმას „ისლამისტური მოტივი“ ჰქონდა.
დაპატიმრების ორდერი 13 დეკემბერს გაიცა. ოთხი ეჭვმიტანილი წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება „სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, ხოლო სასამართლომ მეხუთე პირის დაპატიმრების ბრძანება გასცა.