გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა
გერმანიაში მსუბუქი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, კერძო სახლის სახურავს შეეჯახა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11 საათზე ქვემო საქსონიაში, ოლდენბურგის მახლობლად, განდერკეზეს თემში მოხდა. მსუბუქმა თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და ცხვირით კერძო სახლის სახურავს შეეჯახა.
სახლის მცხოვრებლები ავიაკატასტროფის დროს შინ არ იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შეტყობინების მიღების შემდეგ ავარიის ადგილის გარშემო 100 სახლიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა და საჰაერო სივრცე დაკეტა.
საჰაერო მოძრაობის მონიტორინგის სამსახურების ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Tecnam P 2010 TDI-ის ტიპის, დაახლოებით 8 მეტრის სიგრძის იყო. ის იმ დილით ბრემენიდან აფრინდა, ცოტა ხნით განდერკეზეს აეროპორტში დაეშვა და აფრენიდან ექვსი წუთის შემდეგ ჩამოვარდა.