გერმანიაში, ახალი წესების თანახმად, 22 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიცვალა სქესი - DPA
გასულ წელს პროცესის გამარტივების შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, გერმანიის, სულ მცირე, 22 000-მა მოქალაქემ ოფიციალურად შეიცვალა სქესი, - ამის შესახებ DPA სააგენტო წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
2024 წლის ნოემბრიდან გერმანიის მოქალაქეებს შეუძლიათ შეცვალონ დაბადებისას მინიჭებული სქესი, ასევე, სახელი, რეგისტრაციის ორგანოში განაცხადის წარდგენით. ხელმისაწვდომი კატეგორიებია „მამაკაცი“, „ქალი“, „მრავალფეროვანი (Diverse)“ და „სპეციფიკაციის გარეშე“.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცვლილებები ადრე შესაძლებელი იყო, კანცლერ ოლაფ შოლცის წინა მთავრობის მიერ მიღებულმა „თვითგამორკვევის კანონმა“ პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა.
ახალი კანონით გაუქმდა ტრანსსექსუალობის შესახებ სადავო აქტი, რომლის მიხედვითაც, მათ ვისაც სურდათ ოფიციალურად შეეცვალათ სქესი და სახელი უნდა გაევლოთ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული იურიდიული პროცესი, რაც მოიცავდა მათ შორის სამედიცინო ექსპერტების შეფასებას.
ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, რომელიც მოიცავს 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე პერიოდს, ახალი წესების ძალაში შესვლიდან პირველივე თვეში რეესტრში ჩანაწერები სულ 7 057 ადამიანმა შეცვალა. მომდევნო თვეებში ეს რიცხვები შემცირდა: დეკემბერში 2 936 ადამიანმა შეიტანა ცვლილებები. ივლისში 1 244 მოქალაქემ შეიცვალა ოფიციალურად სქესი. რეფორმამდე 10 თვით ადრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს მხოლოდ 596 ადამიანმა გააკეთა.