გერმანიამ ერაყიდან საელჩოს თანამშრომლები დროებით გაიყვანა
გერმანიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გამო, ერაყიდან ბაღდადის საელჩოს თანამშრომლები დროებით გაიყვანა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
„ბაღდადში გერმანიის საელჩოს პერსონალი საფრთხის გამო ერაყიდან დროებით სხვა ადგილას გადაიყვანეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა და დასძინა, რომ პერსონალის უსაფრთხოების შეფასება მუდმივად მიმდინარეობს.
საელჩოსთან დაკავშირება კვლავ შესაძლებელია, თუმცა მისი იურიდიული და საკონსულო მომსახურება უსაფრთხოების სიტუაციის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრად შეზღუდულია, განაცხადა პრესსპიკერმა.
9 მარტს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში სიტყვით გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მან რეგიონში არსებული ვითარება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან განიხილა. მისივე თქმით, ორივე მხარემ დაგმო ირანის „განურჩეველი თავდასხმები“ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ და თეირანს მათი შეჩერებისკენ მოუწოდა.