Loading data...
გერმანია თურქეთში დაკავებული „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს

გერმანია ანკარისგან მოითხოვს Deutsche Welle-ს ჟურნალისტის გათავისუფლებას, რომელსაც  ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „შეურაცხყოფასა“ და „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ ედება ბრალი, - ამის შესახებ Spiegel-ი იტყობინება. 

„მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ალიჯან ულუდაგის დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან“, - განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის კულტურისა და მედიის კომისარმა ვოლფრამ ვაიმერმა.

მან ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

„დოიჩე ველეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბარბარა მასინგმა, ასევე განაცხადა, რომ მისი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ის ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიძია კორუფციის შემთხვევები, აქვს შესანიშნავი კონტაქტები და წვდომა მნიშვნელოვან წყაროებზე. ამიტომ, ხელისუფლება მას საფრთხედ მიიჩნევს“, - აღნიშნა მასინგმა. 

19 თებერვალს ანკარაში Deutsche Welle-ს თურქული რედაქციის ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს. ის დაადანაშაულეს პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფაში, ასევე ისეთი ინფორმაციის საჯარო გავრცელებაში, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. 

საუბარი შეეხება სოციალურ ქსელ X-ში წელიწად-ნახევრის წინ ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელშიც ის თურქეთის ხელისუფლებას „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ ციხიდან გათავისუფლებისთვის აკრიტიკებს, ასევე ულუდაგმა თურქეთის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.