გერმანია ჩრდილოეთის ზღვაზე სამხედრო-საზღვაო ბაზას ააშენებს
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ემდენში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზა აშენდება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ემდენი კვლავ გახდება გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა“, - განაცხადა პისტორიუსმა. ბაზის მშენებლობა რამდენიმე მილიარდი ევრო დაჯდება. მშენებლობის დასრულება 2030-იანი წლების დასაწყისში იგეგმება.
ახლა გერმანიის ბუნდესვერი ყველაზე მცირერიცხოვანია მისი ისტორიის მანძილზე. ამასთანავე, მას სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ამოცანების შესრულება უწევს, ამიტომ, მინისტრის თქმით, სამხედრო ფლოტი უნდა გაიზარდოს და ასეც მოხდება.
ბაზის ასაშენებლად ემდენი იმიტომ შეირჩა, რომ ის სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და იქ ამისთვის თავისუფალი სივრცე არსებობს. ამჟამად გერმანიას ჩრდილოეთის ზღვაზე ერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა აქვს - ვილგელსმჰაფენში. პისტორიუსის თქმით, მეორე ბაზის მშენებლობა ფლოტის მოქმედებას უფრო მობილურს და მოქნილს გახდის, ხოლო კრიზისის შემთხვევაში მისი მოქმედების პროგნოზირება უფრო რთული გახდება.
ემდენში ფრეგატებისთვის 7 ნავმისადგომის აშენება იგეგმება, ათის ნაღმმზერებისთვის და კიდევ ათი ნავმისადგომის - ბუქსირებისთვის. ეს პორტი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.