Loading data...
გერმანია ავსტრალიიდან იშვიათი ლითონების იმპორტს განახორციელებს

გერმანია და ავსტრალია იშვიათი ლითონების და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რესურსების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას აპირებენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კანბერაში, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პენი ვონგთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„აქ ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული რესურსების მოპოვება, როგორიცაა, მაგალითად, ლითიუმი, და ჩვენ ინტერესი გვაქვს, რომ ნედლეულის სფეროში თანამშრომლობა განვავითაროთ. განსაკუთრებით ეს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებს ეხება“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

ცნობისთვის, ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ გრინბუშესთან მსოფლიოში ლითიუმის უდიდესი საბადო მდებარეობს. ამ ლითონს კიდევ „თეთრ ოქროს“ უწოდებენ. ლითიუმი ბევრ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესში გამოიყენება: ესენია ელექტრომობილებისთვის აკუმულატორების და სმარტფონების წარმოება.

გრინბუშეს საბადოზე მოდის მსოფლიოს ლითიუმის მარაგის 20%.

ავსტრალიაში ასევე ისეთი იშვიათი ლითონების მსხვილი საბადოები მდებარეობს, როგორიცაა ნეოდიმი და ტერბიუმი, რომლებიც ძლიერი მაგნიტების წარმოებაში გამოიყენება.

ევროკავშირი ავსტრალიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასაც აპირებს. 2023 წელს ეს მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა, რადგანაც მხარეებმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებაზე შეთანხმება 11 ქვეყანასთან გააფორმა. ესენია არგენტინა, კუკის კუნძულები, ეკვადორი, გვინეა, მაროკო, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.