Loading data...
გერმანია, აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას Patriot-ის ორ სისტემას მიაწვდის - Reuters

გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ბერლინი პირველი იქნება რიგში, რომელიც სანაცვლოდ უახლეს სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წყალობით, „გერმანიას შეუძლია, უკრაინას ჯერ გამშვები დანადგარები მიაწოდოს, შემდეგ კი Patriot-ის სისტემის დამატებითი კომპონენტები“.

ბუნდესვერი უკრაინას უახლოეს დღეებში პირველ რიგში Patriot-ის რაკეტების გამშვებ დანადგარებს მიაწვდის, შემდეგ კი ორ-სამ თვეში სისტემის დარჩენილ კომპონენტებს გადასცემს.

სანაცვლოდ, გერმანია შეერთებული შტატებისგან დაჩქარებული ტემპით მიიღებს Patriot-ის ახალ სისტემებს, რომელთა დაფინანსებასაც თავად უზრუნველყოფს.