Loading data...
გერმანელი გენერალი: რუსეთს შეუძლია ნატოს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა ნებისმიერ დროს დაიწყოს

რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს მცირე მასშტაბის თავდასხმა ნატოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ გერმანელმა გენერალმა ალექსანდერ ზოლფრანკმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთის ამჟამინდელ შესაძლებლობებსა და საბრძოლო ძალას გადავხედავთ, რუსეთს შეუძლია ნატოს ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის შეტევა ხვალვე დაიწყოს“, - აღნიშნა ზოლფრანკმა.

როგორც გერმანელი გენერალი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, სხვა რუსული ფლოტები არ შემცირებულა.

„სახმელეთო ძალები დანაკარგებს განიცდიან, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ მისი მიზანია ჯარების საერთო რაოდენობის 1.5 მილიონ ჯარისკაცამდე გაზრდა. რუსეთს საკმარისი საბრძოლო ტანკები ჰყავს, რათა შეტევა ხვალვე განახორციელოს“, - აცხადებს ალექსანდერ ზოლფრანკი.

ზოლფრანკის თქმით, მოსკოვი ნატოზე თავდასხმას 3 ფაქტორით განსაზღვრავს: რუსეთის სამხედრო ძალა, სამხედრო გამოცდილება და ლიდერობა.

„ეს სამი ფაქტორი მაძლევს იმ დასკვნამდე მისვლის შესაძლებლობას, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლებელია. მოხდება თუ არა ეს, დიდწილად ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გერმანელმა გენერალმა.