გერმანელი დიპლომატი: სანამ უკრაინა ომშია, ევროპისთვის საფრთხე არც ისე დიდია
თუ უკრაინაში ომი დასრულდება, რუსეთიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის საფრთხე, შესაძლოა, გაიზარდოს, - განაცხადა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ და გერმანელმა დიპლომატმა ვოლფგანგ იშინგერმა გაზეთ „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში.
„სანამ უკრაინა იცავს ევროპას, საფრთხე დიდი არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
იშინგერმა დასძინა, რომ რუსები ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან კონცენტრირებულნი, რაშიც ისინი კვირაში ათასობით ჯარისკაცს კარგავენ.
მისი თქმით, როგორც კი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, სიტუაცია შეიცვლება.
„ამ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს მშვიდობიან დროს გადაიარაღების გაგრძელება შეეძლება და აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ნატოს ქვეყნებისთვის საფრთხე გაიზრდება“, - განაცხადა იშინგერმა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გერმანიისთვის საფრთხეც გაიზრდება.
მიუხედავად ამისა, იშინგერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.