„გაზპრომი“ ჩინეთისთვის ახალი მარშრუტით გაზის მიწოდების დაწყებისთვის ემზადება
რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ დაასრულა იმ სიმძლავრეების მშენებლობა, რომლებიც აუცილებელია 2027 წლის იანვრიდან ჩინეთისთვის „შორეული აღმოსავლეთის“ მარშრუტით ბუნებრივი აირის მიწოდების დასაწყებად. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
კომპანიის განცხადების მიხედვით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭომ განიხილა და მოიწონა უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით გაწეული სამუშაოები.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.
კომპანიის ინფორმაციით, გაზსადენ „ბელოგორსკი — ხაბაროვსკის“ მშენებლობის მზადყოფნა 98,5%-ს შეადგენს. დასრულებულია მისი ტექნოლოგიური მიერთება გაზსადენებთან „სახალინი — ხაბაროვსკი — ვლადივოსტოკი“ და „ციმბირის ძალა“.
გარდა ამისა, ამურის ოლქში, ჩაიანდის საბადოდან ქალაქ ბლაგოვეშჩენსკამდე მონაკვეთზე, გაზსადენ „ციმბირის ძალის“ მეორე ხაზის სრულფასოვანი ფორმირება სრულდება. ამჟამად გაშვება-გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ არქტიკულ განედებში მდებარე ხარასავეის საბადოზე გაზის მოპოვების დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მალე დასრულდება.
„გაზპრომის“ მიერ შექმნილი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ახალი სიმძლავრეები მიზნად ისახავს შიდა მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგების შემდგომ უზრუნველყოფას მოთხოვნის პიკური პერიოდების დროს, ასევე რუსეთის რეგიონებში გაზიფიკაციის განვითარებასა და საექსპორტო ვალდებულებების შესრულებას“, — აღნიშნეს კომპანიაში.
„გაზპრომი“, რომელმაც ევროპული გაზის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, ექსპორტის შემცირების კომპენსირებას აზიის ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, მიწოდების გაფართოების ხარჯზე ცდილობს.