Loading data...
გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის გამო, კანცლერი შოლცი გააკრიტიკა

გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ Der Spiegel-მა გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, სადაც კანცლერი ოლაფ შოლცი გაკრიტიკებულია იმის გამო, რომ ის ჯერ კიდევ ვერ ბედავს უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემას, რასაც გამოცემა საარჩევნო კამპანიასა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შოლცის სატელეფონო ზარს უკავშირებს

21 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია - სათაურით „კანცლერი უკრაინას იმედებს უცრუებს“, იწყება იმით, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების არ მიწოდების შესახებ შოლცის პოზიცია შეაქო და მის გადაწყვეტილებას „პასუხისმგებლიანი და პრინციპული“ უწოდა.

„ადრე კანცლერი მიჰყვებოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა მისთვის საარჩევნო კამპანია უფრო მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია სტატიაში.

რედაქცია აღნიშნავს, რომ დგება პერიოდი, როდესაც უკრაინას, როგორც არასდროს, სჭირდება ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა, სიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება, უკრაინის რესურსები იწურება და 2025 წელი, სავარაუდოდ, ომში გადამწყვეტი გახდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ისე ლონდონი და პარიზი აშკარად აცნობიერებენ უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერების აუცილებლობას, რასაც დასავლური რაკეტების რუსეთის სიღრმეში გასროლის ნებართვა მოწმობს. მაგრამ ოლაფ შოლცი არ ცვლის თავის პოზიციას და უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემაზე უარს ამბობს. თუმცა, როგორც Spiegel- წერს, წინა გადაწყვეტილებებში ის „შეერთებულ შტატებს მიჰყვებოდა“ და გერმანიის საერთო დახმარება უკრაინისთვის მართლაც მნიშვნელოვანი და მოცულობით ყველაზე დიდია ამერიკულის შემდეგ.

„საკვირველია, რომ შოლცს ახლა უკრაინის ხარჯზე სურს კამპანიის წარმოება. სხვა რა მიზეზით სჭირდებოდა ვლადიმერ პუტინთან დარეკვა? ზარი, უპირველეს ყოვლისა, კრემლის პროპაგანდისთვის საჩუქარი იყო. შოლცმა კი მხოლოდ ის გაიგო, რაც უკვე ცნობილი იყო - რომ რუს მმართველს მშვიდობა არ სურს.

სიფრთხილით შენიღბული ამ შიშით კანცლერი უბრალოდ პუტინის ბირთვულ ბლეფს არ ემორჩილება. მას ასევე მიზანში ჰყავს ამოღებული შერიგების მომხრეები საკუთარ პარტიაში და პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე და მემარჯვენე მხარეებში“, - ნათქვამია სტატიაში.

გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ახლა გერმანია უკრაინას მიატოვებს, ამას ექნება მძიმე შედეგები, ხოლო აგრესიული რუსეთი გერმანიის ნებისმიერი მომავალი მთავრობისთვის პრობლემა იქნება.

„აღარ უნდა დავეყრდნოთ იმ ფაქტს, რომ აშშ „გლობალური პოლიციელი“ იქნება. მაშინაც კი, თუ ტრამპი რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებს, ეს არ იქნება მუდმივი გამოსავალი. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და ეს, პირველ რიგში, ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ“, - აღნიშნავს გამოცემა.